ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილავს საქართველოში გატარებულ საშინაო რეფორმებს, კერძოდ კი, რეფორმებს, რომელიც ეხება კორუფციასთან ბრძოლას, სიტყვის თავისუფლებას, სასამართლო სისტემასა და ეკონომკურ ზრდას.
"ასევე, განვიხილავთ თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და სამხედრო დაფინანსების საკითხებს. ვისაუბრებთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს და მომავალში იარსებებს საქართველოს წინაშე", - განაცხადა რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებისას.
რასმუსენმა გაიხსენა 3 წლის წინ ბუქარესტში, სამიტზე მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება. რასმუსენის თქმით, ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველომ რეფორმების გატარება დაიწყო და აგრძელებს ამ რეფორმების გატარებას.
როგორც რასმუსენმა აღნიშნა, ნატო საქართველოს რეფორმების გატარებაში დაეხმარება და ამის მაგალითია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის საქართველოში. რასმუსენი შეეხო ავღანეთის მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას.
"ყველა იმ ქართველ ჯარისკაცს მიავგებთ პატივს, რომელიც ავღანეთში სამხედრო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას. მათი თავგანწირვა ამაო არ იქნება", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სასტუმრო "რადისონში" ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. სხდომას ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენებთან ერთად ხელმძღვანელობენ. სხდომის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ. პირდაპირი ეთერის ნახვა შესაძლებელი იქნება ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე CCTV ქსელში.