ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია დღეს პარლამენტში დაარეგისტრირებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ლუსტრაციის შესახებ, რომელიც მაღალი თანამდებობის პირთა ლუსტრაციას არეგულირებს. ბაღათურიას განცხადებით, ლუსტრაციას უნდა დაექვემდებაროს მოქმედი პარლამენტის წევრები, მოქმედი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
"ქართული დასის სურვილია, პარანოიამდე მისული აგენტომანიის ძახილი დასრულდეს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. პარლამეტნმა მიიღო კანონი, სადაც თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ ლუსტრაციას ექვემდებარება პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის წევრები, მაგრამ მოულოდნელად მათი ამოღება მოხდა. მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაცია ახალ კანონში უნდა ჩაიდოს და ამით დასრულდეს ყბადაღებული თემა აგენტების შესახებ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ბაღათურიამ.
მისი განმარტებით, პარლამენტის წევრებმა, თუ აღმოჩნდება, რომ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, პარლამენტი უნდა დატოვონ.