10 ნოემბერს 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში (აღმაშენებლის 68) გაიხსნება ექსპოზიცია - "ქართული ტრადიციული ფარდაგი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციულ ფარდაგთა ნიმუშები: თუშური, ხევსურული, ფშაური, მესხური, აჭარული და სხვა. ექსპონატთაგან ყველაზე ძველია 1812 წლით დათარიღებული აჭარული ფარდაგის ფრაგმენტი.
საქართველოს ფარდაგის ქსოვის დიდი ხნის ტრადიცია გააჩნია. ის ქართული ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო და გასული საუკუნის 40-50-იან წლებამდე მას დიდი პრაქტიკული თუ ესთეტიკური დანიშნულება ჰქონდა (სახლის მოსაწყობად და გასალამაზებლად, იატაკსა და ტახტზე დასაფენად, ურმის მოსაჩარდახებლად - მგზავრების წვიმისა და სიცხისგან დასაცავად).
ფარდაგს მთელ საქართველოში ქსოვდნენ, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ის კუთხეები, რომლებშიც სათანადო ნედლეული - მატყლი მოიპოვებოდა: თუშეთი, ფშავი, მთიულეთ-გუდამაყარი, ხევი, ქართლ-კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, ქიზიყი, აჭარა.
გარდა ფარდაგებისა ექსპოზიცია გაფორმდება ტრადიციული ნაქსოვი ხურჯინებით, თუშური ჩანთებით (აბგა), კერამიკითა და ახალგორიდან წეროვანში ჩასახლებულ ახალგაზრდა ლტოლვილთა ხის ნაკეთობებით.
გამოფენის გახსნაზე სხვადასხვა კუთხის სიმღერებს შეასრულებს ფოლკლორული ანსამბლი "მზეთამზე", მათი სამოსი ძველი ქართული წესითაა შექმნილი და საუკუნეს ითვლის.
ტრადიციული ხელოვნების მოყვარულთ საშუალება ექნებათ გამოფენა 30 ნოემბრამდე დაათვალიერონ.