„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ლონდონში გაემგზავრა. გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) წევრი პარტიების ლიდერთა შეხვედრას დაესწრებიან. ღონისძიებას, რომელიც 9-11 ნოემბერს გაიმართება, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი მასპინძლობს.
ამავე შეკრებაზე „ქრისტიან-დემოკრატების" საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირში სრულ წევრად მიღების ცერემონია გაიმართება, სადაც გიორგი თარგამაძე ლონდონის დეკლარაციას მოაწერს ხელს. ასევე გაიმართება ინდივიდუალური შეხვედრები ბრიტანელ კონსერვატორებთან, ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა პარტიების პირველ პირებთან.
„ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო ჩვენი პარტიისთვის. ორმაგად მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და გავლენიანი მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება კარს უღებს ქართულ ოპოზიციურ პარტიას, რაც არის სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ევროატლანტიკური სივრცე უფრო გახსნილი ხდება საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტებისთვის"-განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
დიდი ბრიტანეთის შემდეგ მოძრაობის ლიდერები გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში გაემგზავრებიან, სადაც 13-15 ნოემბერს გერმანელი „ქრისტიან-დემოკრატების" 24-ე საიუბელეო ყრილობას დაესწრებიან.