საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსები და არ ჰყავს ინტელექტუალთა ფართო ფენა იმისთვის, რომ ის პოლიტიკა განაგრძოს საქართველოს მიმართ, რომელსაც ახლა ანხორციელებს. როგორც პრეზიდენტმა EurActiv-ის პოლონეთის ბიუროსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი ზეწოლას ახორციელებს უკრაინაზე და საქართველოზეც, მოლდოვაზე კი ზეწოლა მხოლოდ ოდნავ შესუსტდა.
"მიუხედავად ამისა, ეს პოლიტიკა მუდმივად ვერ გაგრძელდება. ეს არის ის, რისი იმედიც მე მაქვს. რუსეთს არ აქვს არც საკმარისი რესურსები და არც ინტელექტუალთა ფართო ფენა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა განაგრძოს. როგორც ჩანს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როდესაც რუსი ხალხი გააცნობიერებს იმას, რომ ამ პოლიტიკის გამოყენება აღარ შეიძლება. როდესაც ეს მოხდება, ან როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობა შეიცვლება, ჩვენ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაქტიუროთ. მაგრამ, მე ვშიშობ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესდება. ერთი მხრივ, ჩვენ ვემზადებით უარესი სცენარისთვის, მაგრამ მეორე მხრივ ცვლილებებს და რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ვიმედოვნებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
სააკაშვილის თქმით, ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.
"ის არა მხოლოდ საუბრობს, არამედ ამ მხრივ ნაბიჯებსაც დგამს. მან საქართველოს ნაწილი წაიღო. მან ასევე განაცხადა, სამხრეთ ოსეთის და ბელორუსის შერწყმის შესაძლებლობაზე. ის ამ ყველაფერზე აბსოლუტურად ღიად საუბრობს. იგი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.