დღეს, 9 ნოემბერს, "რესპუბლიკური პარტია" "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში XIV ყრილობას გამართავს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილმა თქმით, "რესპუბლიკური პარტიისთვის" დაგეგმილი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი ღონისძიებები სერიოზული ნაბიჯია შიდაპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების მიმართულებით.
"კონკურენტულ, ღია კამპანიის პირობებში დელეგატები აირჩევენ პარტიის ახალ მმართველ გუნდს, 35-კაციან ახალ ეროვნულ კომიტეტსა და 5-კაციან სარევიზიო კომისიას. შიდაპარტიული დემოკრატია უნდა გახდეს და იყოს საფუძველი, რომ პარტიებმა უკეთ შეძლონ საკუთარი როლის შესრულება პოლიტიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკურმა პარტიებმა საქმით უნდა დავამტკიცოთ, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების არ გვეშინია და ეს პრაქტიკა პირველ რიგში ორგანიზაციების დონეზე უნდა დავამკვიდროთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, სპეციალურად ამ ყრილობისთვის შეიქმნა ახალი, კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც პირველად ქართულ პოლიტიკაში ელექტრონული არჩევნები ჩატარდება. რესპუბლიკური პარტიის 35-კაციან ეროვნულ კომიტეტში მოსახვედრად 61 კანდიდატი, ხოლო 5-კაციან სარევიზიო კომისიაში მოსახვედრად 10 კანდიდატი იყრის კენჭს.
რესპუბლიკური პარტიის ყრილობას წინასწარ რეგისტრირებული 832 დელეგატი ჰყავს როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან.
ყრილობა პარტიის ეროვნული კომიტეტის, პარტიის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და სარევიზიო კომისიის ორი წლის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს და განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკურ სტრატეგიულ მიმართულებას.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ყრილობა განსაზღვრავს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ კურსს და უახლოეს მომავალში გადასადგმელ პოლიტიკურ ნაბიჯებს საპარლამენტო არჩევნების ჭრილში.
რესპუბლიკური პარტიის ყრილობას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან.