მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის 90 წლის იუბილე საპატრიარქოს დარბაზში მოეწყობა. ღონისძიება მწერალთა კავშირის ინიციატივით იმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მწერლის მეუღლემ, თამარ ამირეჯიბმა აცნობა.
"დღეს დაგვირეკეს მწერალთა კავშირიდან და გვითხრეს, რომ ჭაბუას იუბილეს აღნიშვნა სურთ. სამწუხაროდ, არ ვიცი, თავად რამდენად მოახერხებს მისვლას, რადგან, მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს", - აღნიშნა თამარ ამირეჯიბმა.
როგორც ამირეჯიბმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, იუბილესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროდან ჯერ არავინ შეხმიანებია.
ჭაბუა ამირეჯიბს 90 წელი18 ნოემბერს შეუსრულდება.
შეგახსენებთ, რომ ჭაბუა ამირეჯიბი 1921 წლის 18 თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი ცნობილი რომანების "დათა თუთაშხია", "გორა მბორგალი", "გიორგი ბრწყინვალე". "დათა თუთაშხიას" მოტივებზე გიგა ლორთქიფანიძემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.
ჭაბუა ამირეჯიბი არის სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979), შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1998) მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი(2001), დაჯილდოებულია უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. მისი ნაწარმოებები დაბეჭდილია ოცდაათ ენაზე.