"საქართველოს არ აქვს საზღვარი ე.წ. სამხეთ ოსეთთან, ჩვენ ამ არაღიარებულ რესპუბლიკასთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით", - ეს განცხადება საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გააკეთა "სეგოდნია უა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე პასუხის გაცემისას - თუ რა მდგომარეობა აქვს საქართველოს სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე.
"საქართველოს არ აქვს საზღვარი ე.წ. სამხეთ ოსეთთან, ჩვენ ამ არაღიარებულ რესპუბლიკასთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ 14 პოლიციელი დავკარგეთ, რომლებიც მესაზღვრეებთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ზონებში სიტუაციას აკონტროლებენ. ეს ადამიანები ნაღმებისა და სნაიპერების ტყვიების გამო დაიღუპნენ. ამიტომაც, ახლა ჩვენი პოლიციელები მხოლოდ დაჯავშნული ავტომობილებით გადაადგილდებიან და მადლობა ღმერთს, უკვე ბოლო წელიწად-ნახევარია მსხვერპლი არ გვქონია", _ აცხადებს მერაბიშვილი.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს ის ნაღმები როდია, რომლებიც 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დარჩა. მერაბიშვილის განცხადებით, 2008 წელს ამ ადგილზე ნაღმები არ ყოფილა.
"2008 წელს ეს ნაღმები არ იყო. მაშინ ამ მოსაზღვრე რაიონში ჯარი კი არა, მცირე რაოდენობის რუსული სამშვიდობო კონტიგენტი იდგა. ასე რომ, ისინი ახლა აწყობენ იქ რაღაცებს. ნაღმავენ მინდვრებს, თხრიან სანგრებს. ალბათ, ჩვენგან შემოზღუდვა უნდათ. გარდა ამისა, იქით მხარეს ხშირად იმართება სამხედრო მანევრები. ყველაფერ ამას თვალს ევროკავშირის დამკვირვებლები ადევნებენ. ისინი გვეხმარებიან, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევები დავაფიქსიროთ", _ აცხადებს მერაბიშვილი.
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ ვინ არიან ის სნაიპერები, რომლებიც ესვრიან ქართველ პოლიციელებს.
"რა მნიშვნელობა აქვს? იქ შეიძლება იყვნენ რუსებიც, თათრებიც, ინგუშებიც, ჩეჩნებიც და ოსებიც... ", _ აცხადებს მერაბიშვილი.