კორსიკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ქართველი რეჟისორი სვანეთზე გადაღებულ ფილმს წარადგენს. კინორეჟისორ მარი გულბიანის ფილმი "ღრუბლების ზემოთ" სიკვდილ-სიცოცხლის თემაზეა. "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მის შემოქმედებაში ბევრი რამ ბაბუამ და სვანეთის სიყვარულმა განაპირობა.
"ჩემი წინაპრები სვანეთიდან იყვნენ და ფილმი იქ გადავიღე. მინდოდა მეჩვენებინა ადგილის მიმართ დამოკიდებულება, როგორც იქ მცხოვრებლების, ასევე ყაბარდოელი და უკრაინელი ქალების. ჩემი სოფელი მიწამ ჩაიტანა და აღარ არსებობს. ბაბუაჩემი ხშირად მეუბნებოდა "სიცოცხლე იმ ადგილზე დადის, საიდანაც ჩვენ მოვდივართ და სიკვდილი იმ ადგილზე დარდია, საიდანაც ჩვენ წავალთო". აი, ამ გზას გავყევი, რომელმაც განსაკუთრებული ზეგავლინა მოახდინა ჩემზე", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გულბიანმა.
ფილმი ფრანგული კინოსახლის კოპროდუქციაა. მონტაჟი საქართველოში დაიწყო და შემდეგ საფრანგეთში დასრულდა.
"ღრუბლების ზემოთ" წელს ბათუმის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი. 2010 წელს კი - თბილისის კინოფესტივალზე.
კორსიკის ფესტივალი 15-იდან 20 ნოემბრამდე ეწყობა. ქართველი რეჟისორის ფილმი 16 ნოემბერს იქნება ნაჩვენები.
გულბიანის "მე სახლში ვარ, შენ გზაში" 2009 წელს კანის კინოფესტივალზე მომავალი ფილმის საუკეთესო სცენარად აღიარეს.