საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას ურჩევს ზედმეტი ბაქი-ბუქის ნაცვლად პრობლემების რეალურად მოგვარებაზე იზრუნოს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სამი წელი საუბრობდა პროგრამაზე "საქართველო სიღარიბის გარეშე" და აინტერესებს მართლა აღმოიფხვრა თუ არა სიღარიბე.
ვეფხვაძის თქმით, ახლა მთავრობამ ახალი "10 პუნქტიანი გეგმების" შემუშავება და სოფელ-სოფელ მისი პროპაგანდა დაიწყო.
დეპუტატის განცვხადებით, მთავარი არა გეგმები, არამედ მოსახლეობაა და უმჯობესი იქნება ხელისუფლება სოფლებში პროპაგანდისთვის კი არა, პრობლემების მოსაგვარებლად ჩავიდეს და ასეთ შემთხვევაში აღმოაჩენდა, რომ ბევრ სოფელს შეშა არ აქვს ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობის გამო.
ვეფხვაძის თქმით, ჩინოვნიკებმა მოსახლეობას საშეშე ადგილი მოუზომეს ტყის მიუვალ ადგილებში, სექტემბერ - ოქტომბერში. ~ადამიანები კი ვეღარ ავიდნენ იქ და შეშის გარეშე დარჩნენ. რად უდნა ხალხს ისეთი შეშა, რომელსაც ვერ გამოტანს. დასცინით ხალხს?" - მიმართა ვეფხვაძემ უმრავლესობას.
მანვე ხელისუფლებას ურჩია, რომ ზედმეტი ბაქი-ბუქის გარეშე მიხედოს იმ საკითხებს, რაც თუნდაც გუშინ წარმოიშვა გორთან. ვეფხვაძის თქმით, საცობი რუისიდან იწყებოდა და იგოეთის ბოლომდე იყო.