საპარლამენტო უმრავლესობამ კახა ბენდუქიძე დაიცვა. უმრავლესობის წევრმა რატი სამყურაშვილმა განაცხადა, რომ ჯონდი ბაღათურიას მიერ წარმოდგენილი ბენუდიქიძის პუტინთან და ლავროვთან გადაღებული ფოტოები, იმ წლებშია გადაღებული, როცა საქართველო მეზობელ სახელმწიფოსთან ღია თანამშრომლობის რეჟიმში იმყოფებოდა.
"პუტინთან, რუსეთის ხელისუფლებასთან, რუსეთის სახელმწიფოსთან სათანამშრომლოდ ქართული სახელმწიფო ყოველთვის მზად იყო, ყოველთვის ჰქონდა ამის სურვილი, ვიდრე რუსეთი საქართველოს ღია აგრესიას გამოუცხადებდა, ქართული სოფლების დაბომბვას დაიწყებდა, ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპებოდა და უფრო მეტი დევნილი გახდებოდა. მარტო ბენდუქიძე კი არა, სააკაშვილი და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები რუსეთთან სათანამშრომლოდ მზაობას მუდმივად აცხადებდნენ და ამისათვის ხელი გვქონდა გაწვდილი. მაგრამ სამარცხვინო და სათაკილო ეს კი არა, ის არის, როდესაც ასეთი ტიპის თანამშრომლობის შეთავაზება და უპასუხისმგებლო აღლუმების მიღება რუსეთის სახელმწიფოში სწორედ ჩემ მიერ ხსენებული მოვლენების შემდეგ ხდება", -- აღნიშნა რატი სამყურაშვილმა.
მისივე თქმით, ბაღათურიას მიერ წარმოდგენილი სურათი 2005 თუ 2006 წელს, ანუ მაშინა არის გადაღებული, როცა საქართველო მეზობელ სახელმწიფოსთან ღიად თანამშრომლობდა.
ბენდუქიძე უმრავლესობის ლიდერმაც დაიცვა. პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ კახა ბენდუქიძე საქართველოში "ქართული საქმის გასაკეთებლად" ჩამოვიდა. მისი ინიცირეებით მოხდა ბიუროკრატიული გარემოს შეცვლა, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლამდე ასვლა.
"ამ ადამიანს როგორ ადარებთ იმ კაცს, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ემბარგო საქართველოს ბრალია; რომელიც პუტინისაგან დემოკრატიულ რეფორმებს ელის და გულგახეთქილია, რამე არ აწყენინოს თავის დიდ ხელმძღვანელს კრემლში", -- აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მისამართით და დასძინა, რომ ეს უკანასკნელი რუსეთიდან "ფულის დიდი ტომრით ბოლო იმედად" იმისათვის გამოგზავნეს, რომ ქართველი ხალხის მსოფლმხედველობა და პრიორიტრეტები ჩრდილოეთისაკენ შეაბრუნოს.