უმრავლესობის წევრმა შოთა მალაშხიამ ოპოზიციური ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ წევრები პეტრე მამრაძე და კარლო კოპალიანი გააკრიტიკა.
შოთა მალაშხიას კარლო კოპალიანის გვარი არ აუხსენებია, თუმცა, მიუთითა, რომ ფრაქციაში ერთი წევრია, რომელიც 9 აპრილს რაიკომში მუშაობდა და გორკის უმაღლეს პარტიულ სკოლაში სწავლობდა.
კარლო კოპალიანი 1987 -1989 - ცაგერის პარტიის რაიკომში, ინსტრუქტორად მუშაობდა, 1989-1991 წლებში - ქ. გორკის უმაღლესი პარტიულ სკოლაში მსმენელი იყო.
მალაშხიამ ასევე გააკრიტიკა პეტრე მამრაძე და ბაღათურიას მიმართა, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის გვერდით პეტრე მამრაძე უნდა დაეყენებინა.
მალაშხიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯონდი ბაღათურიამ პლენარულ სხდომაზე კახა ბენდუქიძის სურათები ააფრიალა, სადაც ბენდუქიძე ლავროვთან და პუტინთან ერთად იყო გადაღებული.