დღეს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელიც შემოვლითი რკინიგზის თემას ეძღვნებოდა.
ფრაქციის მდივნის ზაზა გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული პროექტი თავისი მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდია ქალაქში განხორციელებულ პროექტთა შორის და მასთან დაკავშირებით ბუნებრივად არსებობს რიგი შეკითხვებისა, რომელთა პასუხის გაცემას აქვს არსებითი მნიშველობა როგორც გლობალურად, ქალაქისათვის, ისე ლოკალურად, იმ ტერიტორიაზე განსახლებული მოქალაქეებისათვის, სადაც რკინიგზამ უნდა გაიაროს.
"ჩვენ გვაინტერესებს რამდენად უსაფრთხო იქნება ახალი რკინიგზა მოსახლეობისათვის. მოახდენს თუ არა რაიმე სახის გავლენას სარკინიგზო ხაზის მშნებლობისას წარმოქმნილი ვიბრაცია ტერიტორიის ირგვლივ არსებულ ინფრასტრუქტურაზე. რა მექანიზმები იქნება გამოყენებული დასახლების ხმაურისგან დასაცავად. რა გზით მოხდება გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბინძურების საფრთხის თავიდან აცილება. რა ზომები იქნება მიღებული თბილისის ზღვის, როგორც ძირითადი სასმელი და სარწყავი რესურსის დასაცავად და რა სახის კომპენსაციით იქნებიან დაკმაყოფილებული ის მოქალაქეები, რომელთაც საკუთარი განსახლების ადგილების დატოვება მოუწევთ. ამ შეკითხვებზე თბილისის მერიის არქიტექტურის და ეკოლოგიის სამსახურების წარმოამდგენელთაგან ვერ მივიღეთ სრული და ამომწურავი პასუხები. და სანამ არ იქნება კითხვებზე კომპეტენტური და სრულყოფილი პასუხები, სანამ არ იქნება მიცემული მყარი გარანტიები მოსახლეობისათვის, მანამდე ამ პროექტის განხორციელება ქრისტიან დემოკრატებს დაუშვებლად მიგვაჩნია."
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" სხდომას თბილისის მერიის არქიტექტურის და ეკოლოგიის სამსახურების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.