ცნობილი ფეხბურთელი კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წავლას მიესალმება. ამასთან დაკავშირებით კახი კალაძე სოციალუ ქსელ "ფეისბუქში" თავის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
"ჩემო თანამემამულენო, მე - კახა კალაძე ისევე როგორც თქვენ, მილიონობით ჩემი თანამემამულე, მივესალმები ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში. ივანიშვილის ქველმოქმედება გადაწვდა ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს და ეს ჩვენ ყველამ გავიგეთ მხოლოდ ბოლო პერიოდში. იგი წლების განმავლობაში უანგაროდ, ყოველგვარი საზღაურის და რეკლამის გარეშე აკეთებდა საერო საქმეს. მქონდა პატივი პირადად შევხვედროდი ბატონ ბიძინას. შედგა გულთბილი და მეგობრული შეხვედრა მასთან და მის ვაჟიშვილ ბერასთან. გავიცანი მისი ტრადიციული ქართული ოჯახი. შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ჩვენი ღირებულებები და მიდგომები ერთმანეთს სრულიად ემთხვევა. ისევე როგორც თქვენ, სამშობლოს უკეთესი და ღირსეული მომავლის მოსურნე ჩემო თანამემამულენო მეც გამოვთქვამ მზადყოფნას ყველა კონსტიტუციური საშუალებით ვიბრძოლო დამამცირებელი რეჟიმის დასასრულებლად", - ნათქვამია განცხადებაში.