"ქართული პარტიის" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. "ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ერთგვარი ეიფორია გამოიწვია. მიუხედავად ქართული პარტიისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის ეროსი კიწმარიშვილისადმი ბიზნესმენის ნეგატიური და საკმაოდ გაუგებარი შეფასებებისა, ქართულმა პარტიამ არა მხოლოდ თავი შეიკავა მასთან ამ თემაზე პოლემიკაში შესულიყო, არამედ, სოზარ სუბარმა, ქართული პარტიის სახელით, მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ, ამასთან, ივანიშვილს ეროსი კიწმარიშვილმა საკმაოდ კონსტრუქციული თანამშრომლობა შესთავაზა ტელეკომპანია "მაესტროსთან" მიმართებაში.
"დღეს ივანიშვილისგან მოვისმინეთ მორიგი განცხადება იმის შესახებ, რომ სუბარმა განცხადება გააკეთა ქართული პარტიის დატოვების თაობაზე. მიუხედავად ბოლო დროს გარკვეულ მედიასაშუალებებში აგორებული კამპანიისა, თითქოს სუბარმა დატოვა პარტია, მისგან ამის დამადასტურებელი განცხადება არავის უნახავს. ამ დროს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, აღნიშნულის შესახებ, აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და რბილად რომ ვთქვათ, გვაგონებს რუსეთში 90-იან წლებში ბიზნესის კეთების პრინციპს - თუ ვერ ყიდულობ ქარხანას, უნდა იყოდო მისი დირექტორი"- აღნიშნულია განცხადებაში.
"ქართულ პარტიაში" აცხადებენ, რომ მიდგომა სააკაშვილის წინააღმდეგ მაქსიმალურად ეფექტურად ბრძოლის შესახებ, მათ აიძულებს, შეინარჩუნონ კონსტრუქციულობა და არ ჩაერთონ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის ისეთ პოლემიკაში, რაც საერთო მიზნის მიღწევისგან დააშორებთ.
"ამიტომ მივმართავთ, ბიძინა ივანიშვილს, ფაქტობრივ გარემოებებზე მისი შეფასაბები ნუ დაემსგავსება მკითხაობას, რაზედაც ის ზოგიერთ ტელეკომპანიას თვითონ მიუთითებდა", - აღნიშნულია განცხადებაში.