"რეგიონებში ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების მასობრივი რეპრესიები დაიწყო", _ ასეთი განცხადება ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რატი შარტავამ გააკეთა.
მისი თქმით, რეგიონებში ბადრი პატარკაციშვილის მხარდამჭერებს დღეს დილიდან იძახებენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, სადაც მათ რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.
"ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოტივით დაიბარეს დაკითხვაზე ჩვენი რეგიონალური წარმომადგენლები. ფაქტი ერთია, რომ ამით უზღუდება თანასწორობის უფლება. არ გამოვრიცხავთ ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებს. მათ შორის იარაღის ჩადებას და ამ მოტივით პატარკაციშვილის მხარდამჭერების დაპატიმრებას. მოუწოდებ ხელისუფლებას, დაუყონებლივ შეწყდეს რეპრესიები ჩვენი შტაბის წევრებზე. არკადი პატარკაციშვილი რჩება პრეზიდენტობის კანდიდატად და მზადაა, შეასრულოს ყველა ის ეკონომიკური ვალდებულება, რომელიც მის პროგრამაშია წარმოდგენილი და დაიწყება 2008 წლის იანვრიდან 18 თვის განმავლობაში", - განაცხადა შარტავამ.
მისი თქმით, დღეს დაკითხვაზე გამოიძახეს საჩხერის რაიონის საარჩევნო შტაბის თანამშრომლები: რუსუდან სირაძე, რამაზ ცარციძე და როინ ყიფიანი, შიდა ქართლის საარჩევნო შტაბის უფროსი რამაზ ბერიანიძე, თელავის რაიონული შტაბის უფროსი გია ხაზიური, ლენტეხის რაიონული შტაბის უფროსი გოგი ონიანი, ზუგდიდის რაიონის შტაბის წევრები ბესო ხარჩილავა, ირმა ქორჩუა; სააგიტაციო მასალა წაართვეს დუშეთის რაიონის შტაბის კოორდინატორებს ნანულია ბიჭიაშვილს, ირაკლი ბურდულსა და ქეთევან ველქაურს.