თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დიმიტრი ბაშკიროვის საიუბილეო საღამო 9 ნოემბერს, 19.00-ზე გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს დიმიტრი ბაშკიროვის სხვადასხვა თაობის ორი მოსწავლე, რომლებიც დღეს განთქმული მუსიკოსები არიან - ნიკოლაი დემიდენკო (მონრეალისა და ჩაიკოვსკის სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი) და დენის კოჟუხინი (რიგი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და გრან პრის მფლობელი. მათ შორის ლისაბონის (პორტუგალია), ლიდსის (ბრიტანეთი), დედოფალ ელისაბედის (ბელგია) კონკურსები).
საღამო თბილისის მერიის მოწვევით და კლასიკური მუსიკის დაცვისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით.
აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანს დღეს ძალიან წარმატებული კარიერა აქვთ მსოფლიოში-უკრავენ ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, საუკეთესო მუსიკოსებთან და ორკესტრებთან. თბილისში ისინი თითო განყოფილებით წარსდგებიან პუბლიკის წინაშე.
ცნობისთვის, საქართველოში დაბადებულ, მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსს, გამოჩენილ პიანისტსა და პედაგოგს დიმიტრი ბაშკიროვს 2011 წლის 1 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდა. წელს, რამდენიმე ქვეყანაშია დაგეგმილი მისი საიუბილეო საღამოები.
დიმიტრი ბაშკიროვის, როგორც პიანისტის სახელი ცნობილია საყოველთაოდ. ის სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში" გამოჩენილ ქართველ პედაგოგთან, ქართული საშემსრულებლო სკოლის ერთერთ ფუძემდებელთან- ანასტასია ვირსალაძესთან. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო პროფესორ ალექსანდრე გოლდენვეიზერთან, მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
1955 წელს, ის გახდა ერთერთი ყველაზე ცნობილი კონკურსის გრან პრის მფლობელი - მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, პარიზში.
ამ წლიდან იწყება მისი, როგორც პიანისტის წარმატებული და ხანგრძლივი კარიერა. ამავე წელს ის იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობასაც.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მას აკრძალული ჰქონდა საბჭოთა კავშირიდან საზღვარგარეთ გასვლა, დმიტრი ბაშკიროვი თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში გამოდიოდა კონცერტებით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ დარბაზებში, საუკეთესო მუსიკოსებთან-დირიჟორებთან, ინსტრუმენტალისტებთან, მომღერლებთან. არანაკლები აღიარება (მეტი თუ არა) მოუტანა მას პედაგოგიურმა მოღვაწეობამ და დღეს ის ერთერთი წამყვანი პედაგოგია მსოფლიოში, მას იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურიში. მისი სახელოვანი მოსწავლეები არიან: დ. ალექსეევი, დანგ ტჰაი შონი, ე.ბაშკიროვა, ნ. დემიდენკო, ა. ვოლოდოსი, ჯონათან გილადი, დავი კადუში, პ.მანგოვა,დ. კოჟუხინი და სხვა.