პარტია "თავისუფლების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, ლევან გაჩეჩილაძემ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საზოგადოებას საკუთარი პროგრამა წარუდგინა და ამომრჩევლების წინაშე ფიცი დადო.
ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებას პირობა მისცა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში საქართველოში არ იქნებიან ღირსებაშელახული ადამიანებიდა არ იქნება შერჩევითი სამართალი, დაცული იქნება კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები.
"მჯერა და მწამს რომ 5 იანვარს საქართველოს მოქალაქეები ქართული სახელმწიფოს ნგრევის მანდატს არ გასცემენ. ჩვენ ვიცხოვრებთ საქართველოში, სადაც მთავარი იქნება პიროვნების და არა მმართველი ძალის უფლებები. მჯერა რომ ქვეყნის სათავეში აღარასოდეს მოვლენ უტრადიციო, უმორალო და მატყუარა ადამიანები. არავის და უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტს არ აქვს უფელბა თავისი კონსტიტუციაზე მაღლა დააყენოს. არავის არ აქვს უფლება საკუთრების, შრომის, აღმსარებლობისა და სიტყვის თავისუფლება ფეხქვეშ გათელოს. პრეზიდენტი არჩეულია იმისთვის რომ იყოს თითოეული მოქალაქის თავისუფლების უფლებების დაცვის გარანტი და არა მასთან დაახლოებული პირების კეთილდღეობის დამცველი", _ განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გაჩეჩილაძემ პირობა დადო, რომ საქართველოში დასრულდება ძალადობა და უსამართლობა, ხელშეუხებელი იქნება თავისუფალი მედია, კერძო საკუთრება და შეწყდება ბიზნესისტერორი.
"საზოგადოების გახლეჩვის, ტრადიციების და ეროვნული ღირებულებების და ეკლესიების ნგრევის ხანა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მომეცით უფლება, რომ ჩემი პირობა შევასრულო. სიტყვას, რომელიც 43 წლის განმავლობაში არასოდეს გამირეხია, არც არასოდეს გავტეხ. მე ვიქნები ხელისუფალი, რომელიც იქნება ხალხისგან დაქირავებული და ანგარიშვალდებული მხოლოდ ხალხის წინაშე", _ განაცხადა გაჩეჩილაძემ.