„საქართველოში ისეთი პოლიტიკური სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ 7 ნოემბერი აღარასდროს განმეორდეს"- ეს განცხადება დღეს „ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალციხეში პარტიის რეგიონული ოფისის გახსნისას გააკეთა.
მის თქმით 7 ნოემბერი ის თარიღია, რომელიც ყოველთვის უნდა ახსოვდეს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ის პირველ რიგში უნდა ახსოვდეს ქვეყნის დღევანდელ და მით უფრო მომავალ ხელისუფლებებსაც. ამ დღეს უხეშად გაითელა დემოკრატიული ღირებულებები. ამას ქართველი ხალხი მომავალში არც ერთ ხელისუფლებას არ აპატიებს. მაგრამ ამის გარანტი მხოლოდ ისეთი პოლიტიკური სისტემა იქნება, რომელიც დაბალანსებულ პარლამენტს დაეყრდნობა.
ფიქრია ჩიხრაძე ნაციონალური უმცირესობების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ისინი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.
„ახალი მემარჯვენეების" რეგიონული ოფისი დღეს ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე გაიხსნა. პარტიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ორგანიზაციას ანზორ სანდროშვილი უხელმძღვანელებს.