უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიწვევით ყირიმში იმყოფება. ყირიმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ვლადიმერ კონსტანტინოვთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ტურიზმის, ვაჭრობის, ენერგეტიკის სფეროებში ურთიერთობების განმტკიცების საკითხები. ამასთანავე, შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს საქართველოს დელეგაციის ინიციატივას, გაფორმდეს ორმხრივი ხელშეკრულება აჭარისა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის ტურიზმის, მშენებლობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ურთიერთობების გასაღრმავებლად.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისათვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობა არა მარტო ცენტრალურ, არამედ რეგიონალურ დონეზეც, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის კულტურულ-ეკონომიკური კავშირების გამყარებას, ახალი ბიზნეს-ინიციატივების განხორციელებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ტურისტულ სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.
მომავალ წელს ყირიმში შავი ზღვის რეგიონების საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმია დაგეგმილი, სადაც ქართული მხარე მიიწვიეს.
საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით, რეფორმების მიმდინარეობის ადგილზე გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ინვესტორებისა და ბიზნესმენების წარმომადგენლობით ჯგუფთან ერთად თბილისს და ასევე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.