საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა მიზეზით გადაიდო სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტი, რომელიც პირველ ნოემბერს უნდა შემდგარიყო.
"სომხეთის პრესა რას წერს, ვერ გეტყვით, რადგან არ გავცნობილვარ. ვიზიტი გადადებულია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი დიპლომატიურ ურთიერთობებში. მე ნამდვილად არ ვიცი ვიზიტის გადადების მიზეზი. რომ გადაიდო, ეს ფაქტია", - განაცხადა ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ქართველი კოლეგის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო განაწყენდა და დაგეგმილი ვიზიტი გადადო. სომხური მედიის მტკიცებით, განაწყენების მიზეზი სომხეთში ჩამოწოლილი მეწყერის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება გახდა.