5 ნოემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკის კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკოსები - თურქი პიანისტი ზეინეფ უჩბაშარანი და ქართველი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრს წარუძღვება.
მსმენელები მოისმენენ უვერტიურებს მოცარტის ოპერებიდან "დონ ჯოვანი", "ფიგაროს ქორწინება", "ჯადოსნური ფლეიტა", ასევე მეოცე საფორტეპიანო კონცერტს.
უჩბაშარანმა მუსიკის სწავლა დაიწყო 4 წლის ასაკში სტამბულის კონსერვატორიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ლისტის სახელობის მუსიკის აკადემიაში ბელა ბარტოკის მოსწავლე პროფესორ კატალინ ნემესთან. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიიღო საკონცერტო არტისტის დიპლომი. დაამთავრა აგრეთვე ფრაიბურგის მუსიკის უმაღლეს სკოლა. პიანისტს გადაეცა ლისტის ამერიკული საზოგადოების ჯილდო, 1996 და 2000 წლებში გაიმარჯვა ლოს-ანჯელესში გამართულ ლისტის სახელობის კონკურსებში. დასახელდა "2003 წლის გამორჩეულ ქალბატონად" აშშ-ის ორგანიზაციის "ათათურქის ქალიშვილების" მიერ. პიანისტს გამართული აქვს სოლო და კამერული კონცერტები თურქეთში, ეგვიპტეში, ესტონეთში, უნგრეთში, ლიტვაში, გერმანიაში, ინგლისში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, სლოვენიაში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
2004 წელს შედგა პიანისტის დებიუტი უიგმორ-ჰოლში. ამავე წელს მან გამოუშვა კრიტიკის მიერ დადებითად რეცენზირებული კომპაქტდისკები, ლისტის, შუბერტის, მოცარტის, სკარლატის, ბეთჰოვენის, აგრეთვე XX საუკუნის კომპოზიტორების _ სეიგანის, ბერნსტაინის და მუჩინსკის მუსიკით.
ახლახან ეროიკას კლასიკური ჩანაწერების სერიით გამოიცა პიანისტის კომპაქტდისკები, რომლებიც მოიცავს უჩბაშარანის მიერ ინტერპრეტირებულ შოპენის სკერცოებსა და პოლონეზებს, მოცარტის ყველა საფორტეპიანო სონატას. ნაქსოს ინტერნეიშენელმა გამოსცა პიანისტის მიერ შესრულებული ადნან სეიგანის საფორტეპიანო მუსიკა, აგრეთვე ამავე კომპოზიტორის კონცერტი 2 ფორტეპიანოსთვის შესრულებული პიანისტ ს. გალოსთან ერთად.
ცოტა ხნის წინ, უჩბაშარანმა ჩაწერა მუსიკა სამი ფორტეპიანოსათვის, რომელშიც შევიდა საიგუნის "პოემა", ამერიკელი, ესპანელი, ბრაზილიელი და აგრეთვე სხვადასხვა თურქი კომპოზიტორის ახალი ქმნილებების პირველი ჩანაწერები. ეს ნაწარმოებები საგანგებოდ სწორედ ამ უნიკალური პროექტისთვის შეიქმნა.
უჩბაშარანმა 2010 წლის სტამბულის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე შეასრულა შოპენის ყველა სკერცო და პოლონეზი. 2011 წელს პიანისტი მონაწილეობდა კოსტერის ფესტივალზე შვედეთში ვიოლონჩელისტ მ. რასტენთან ერთად. ამავე წლის ზაფხულში ლექციები ჩაატარა პრესხოვემის მუსიკალურ სკოლაში, აგრეთვე მონაწილეობდა კორდოვას ფესტივალზე ესპანეთში. პიანისტს 2011-2012 წლების მუსიკალური სეზონისთვის დაგეგმილი აქვს არაერთი სოლო და კამერული მუსიკის კონცერტი ევროპასა და აშშ-ში.