საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ შეთანხმებას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მოთხოვნები შვეიცარიული მხარის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ასახულია და გათვალისწინებული.
"საქართველო რუსეთის მოლაპარაკებები მოგეხსენებათ რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებებში ჩვენ კონკრეტული მოთხოვნები გვქონდა. მისასალმებელია, რომ შვეიცარიელი შუამავლების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ეს მოთხოვნები გათვალისწინებულია და მე რამდენიმე მათგანს გაუსვავ ხაზს. პირველი ეს არის, რომ ვაჭრობას მონიტორინგს და კონტროლს გაუწევს არა კერძო კომპანია, არამედ შვეიცარია. მნიშვნელოვანი ნაწილია ამ დოკუმენტში ასახული რომ ერთგვაროვანი სავაჭრო რეჟიმი საქართველოს მთელს ტერიტორიასა და რუსეთს შორის მოხდება და არა ისე, რომ სხვადასხვა სავაჭრო რეჟიმი იყოს ოკუპირებულ რეგიონებსა და რუსეთს ან ოკუპირებულ რეგონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის ინფორმაცია. აქამდე არ ვფლობდით ინფორმაციას თუ რა ტიპის ვაჭრობა ხორციელდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის. ამ შეთანხმების შემდეგ კი ეს ინფორმაცია ქართული მხარისთვის სრულად იქნება მოწოდებული. ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კუთხითაც", - განაცხადა გილაურმა და აღნიშნა, რომ ეს არის ის მთავარი მოთხოვნები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ქართული მხარისთვის ამ მოლაპარაკებების დროს.