საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. საია-ს თავმჯდომარის, გიორგი ჩხეიძის განცხადებით, საია-ს მიერ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევად საარჩევნო კამპანიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეების კანონდარღვევით მონაწილეობა დაფიქსირდა.
"ჩვენმა ორგანიზაციამ 3 დეკემბერს ოფიციალური წერილით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანისა და თბილისის მერის, გიგი უგულავას ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მოთხოვნით, რადგან მათ დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი, როდესაც 28 ნოემბერს სამუშაო დროს მონაწილეობდნენ სააგიტაციო შეხვედრაში. ცესკო-ს თავმჯდომარემ 7 დეკემბერს წერილობითი უარი უთხრა ჩვენს ორგანიზაციას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ისე, რომ ეს საკითხი სხდომაზე არ გატანილა", _ განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა იურისთთა ასოციაციამ აღნიშნული ნორმების დარღვევის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მიხეილ სააკაშვილისა და არკადი პატარკაციშვილის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა, თუმცა გიორგი ჩხეიძის თქმით, სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე გეგმავს პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო ფონდების საქმიანობის მონიტორინგს. გიორგი ჩხეიძის განცხადებით, კენჭისყრის დღეს, საია 5 იანვარს თბილისში, ქუთაისსა და აჭარაში საარჩევნო პროცესს დააკვირდება. საბოლოო ანგარიშს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 იუანვრის შემდეგ გამოაქვეყნებს.