დღეს, 4 ნოემბერს, "ქარვასლაში" 5 ავტორის გაერთიანებული გამოფენა გაიხსნება. ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი 5-კაციან ჯგუფთან ერთად აწყობს გამოფენას - "სხეულის მეხსიერება". როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ავტორის დამოუკიდებელი ნამუშევრები, რომელიც ერთმანეთს თემატურად დაუკავშირდება.
"ჩემი ნამუშევრები 2007 წელს არის გაკეთებული, მაგრამ არსად ყოფილა გამოფენილი. გაერთიანების იდეა ჩემი იყო, მაგრამ ისინი დამოუკიდებელდად მუშაობენ და ვიფიქრე, რომ ამ თემით შეიძლება გავერთიანდეთ. მიყვარს ჯგუფურად მუშაობა. მარტო მოსაწყენია", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას წიბახაშვილმა.
გამოფენა "არტიფესტის" ფარგლებში ეწყობა, რომელშიც გურამ წიბახაშვილი უკვე მესამეჯერ იღებს მონაწილეობას.
"თანამედროვე ხელოვნების ყოველწიური ფესტივალი წელს მეოთხედ იმართება. მე უკვე მესამედ ვიღებ მონაწილეობას. ამ პროექტის ფარგლებში მონაწილეობას ვიღებ ჩემი პატარა ჯგუფით, სადაც ყველას დამოუკიდებელ ნამუშევარს წარვადგენთ, მაგრამ ისინი თემატურად გაერთიანებულია", - განაცხადა წიბახაშვილმა.