"გუგა კოტეტიშვილის "სარკეების" ექსპოზიცია პროვოკაციულია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ხელოვნებათმცოდნე, ქეთევან კორძახიამ.
"იმის გარდა, რომ მე ვარ დამკვირვებელი გუგას შემოქმედებისა, თანამონაწილეც ვარ. სარკე თავისთავად ის თემაა, რომელიც ფუფუნებასთან მიახლოვებულია, მაგრამ ამ ადამიანმა შეძლო ის, რომ ყველა კონკრეტულ ნამუშევართან გააკეთა არტიფაქტი. ნივთი, რომელიც არტიფაქტია, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გუგას ფანტაზია. ის არ არის მარტო ხელოვანი, ის არის სოციუმში დანერგილი ადამიანი, რომელიც მოწყვეტილად არაფერს აკეთებს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" კორძახიამ.
გალერეაში დიზაინერმა 20-მდე სარკე გამოფინა. წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ფორმისა და ზომის ორიგინალური სარკეები. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დიზაინერმა და მხატვარმა აღნიშნა, ამ გამოფენისთვის მთელი ცხოვრება მუშაობდა.
"ეს არის უბრალოდ გუგა კოტეტიშვილის გამოფენა, ნუ დავარქმევთ სარკეებს. იმიტომ, რომ მე ხან კინოში ვთამაშობ, ხან რაღაცას ვაკეთებ და ამდენად სულ მუშაობის პროცესში ვარ. ამაზე მთელი ცხოვრება ვმუშაობდი. ხელოვანისთვის 3-4 დღე არაფერს ცვლის. სარკე დეკორატიულია, ასეთ ჩარჩოს ნახატს ვერ გაუკეთებ. ამიტომ მხატვრის ფანტაზიაა ჩადებული და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. ფუნქციონალური კოლაჟებია. არავითარი კონცეფცია და არავითარი ფილოსოფია არ დევს, უბრალოდ, მე ვქმნი სილამაზეს", - განაცხადა კოტეტიშვილმა.
კოტეტიშვილის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით "სარკეები", გალერეა "ვერნისაჟში'' გაიხსნა. გამოფენა 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.