ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძე, როგორც საქართველო-უკრაინის ერთობლივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის თანათავმჯდომარე და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სამუშო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
კიევში მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში გიორგი ბარამიძემ პოლიტოლოგებთან, ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა და 28 ოქტომბერს თბილისში გამართული საქართველო-უკრაინის ერთობლივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომისა და საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმის შედეგები შეაფასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიური განვითარების პროცესი მიმოიხილა. ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ასევე ისაუბარა საქართველო-უკრაინას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე ევროკავშირის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში და ვარშავაში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებზე, ასევე, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ინვესტიციების მოზიდვისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისათვის.
შეხვედრის მონაწილეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია საქართველოში წარმატებით განხორციელებულ და მიმდინარე ანტიკორუფციულ, ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პერსპექტივებზე. ვიცე პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
გიორგი ბარამიძე, ასევე, უკრაინის ერთ-ერთ წამყვან ტელეარხ TV-I-ზე მიიწვიეს, სადაც ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა სფეროებში.