"რუსეთმა დამატებითი დრო აიღო იმისთვის, რათა საბოლოოდ გაერკვეს საქართველოსთან სადავო საკითხების მოგვარების საკითხში, რომლებიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებას ეხება", - ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თავის მხრივ, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსთან მოლაპარაკებებში არავითარი შესვენება არ აუღია და დაადასტურა, რომ ყველა სადავო საკითხი გადაწყვეტილია.
"ახლა უკვე ჯერი რუსეთზეა. თქვენ იცით, რომ უკვე მეორედ აიღო რუსეთის ხელისუფლებამ რაღაც ტაიმ-აუტი იმისთვის, რათა გარკვეულიყვნენ", _ განაცხადა ბარამიძემ. მედვედკოვმა კი "პრაიმთან" საუბარში აღნიშნა, რომ არავითარი შესვენება რუსეთს არ აუღია და აღნიშნა, რომ ოთხშაბათს რუსეთის ფედერაციამ და საქართველომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
"ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც გუშინ გავრცელდა, სიმართლეა", _ განაცხადა მედვედკოვმა.