განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოპოზიციური ფრაქცია - "ერთობა სამართლიანობისთვის" სხდომაზე არ გამოცხადდა. შეხვედრა ~ქართული დასის" ინიციატივით გაიმართა და შეეხებოდა: საჯარო სკოლების ოპტიმიზაციას, მასწავლებელთა უფლებების დაცვას, სამინისტროს მიერ სასკოლო სახელმძღვანელოებზე დადგენილ ფასებს და სხვა.
~მინისტრმა კვლავ სირაქლემას პოზიცია დაიკავა და პარლამენტში მოსვლას თავი ამჯერედაც აარიდა, არადა სისტემაში უმწვავესი პრობლემები არსებობს~, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისი განცხადებით, ფრაქციის აპარატი მინისტრის აპარატს გუშინ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდა, საიდანაც პასუხობდნენ, რომ სხდომაზე მინისტრი ან მისი რომელიმე მოადგილე მივიდოდნენ. დღეს კი გაირკვა, რომ ისინი პარლამენტში მისვლას ვერ შეძლებდნენ.
"ეს არის ის კაცი, რომელიც ერთ-ერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას ედგა სათავეში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის კოჰორტაში მოხვდა, ზნეც იცვალა და ფერიც. თქვენ, მხოლოდ დემაგოგიით ხართ დაკავებული. ბრიყული პროექტების განხორციელებას სჯობს, პარლამენტში მობრძანდეთ და დეპუტატების შეკითხვებს გასცეთ პასუხი. თუმცა, ამ უმსგავსოებას ძალიან მალე ბოლო მოეღება", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
სხდომას პედაგოგები და განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.