დავით საგანელიძემ ახალ მემარჯვენეების გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავად დავით საგანელიძემ განუცხადა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა აზრთა სხვადასხვაობა მასსა და პარტიის დანარჩენ წევრებს შორის.
"მე თანამდებობა დავტოვე და მთავარი კომიტეტიდან გამოვედი. მე პარტია არ დამიტოვებია და ვრჩები პარტიაში. გადაწყვეტილებების მიღებებში მონაწილეობაზე მე ვთქვი უარი. ეს გამოიწვია იმან, რომ არის ძირითადი მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხები პარტიის, რომელშიც გვქონდა აზრთა უთანხმოება მე და პარტიის დანარჩენ წევრებს შორის. ამ სიტუაციაში არ იქნებოდა სწორი, რომ მე დავრჩენილიყავი გენერალური მდივნის თანამდებობაზე", - განაცხადა საგანელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, ეს საკითხები არის შიდა საკითხები და მასზე ლაპარაკას არ აპირებს. საგანელიძის თქმით, ის არ აპირებს პარტიის დატოვებას.
"ამ პარტიას ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის. არ მრცხვენია და პირიქით ვამაყობ, რომ ამ პარტიის გენერალური მდივანი ვიყავი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარტია კიდევ მრავალ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. ამ ეტაპზე აზრთა სხვადაოსხვაობა არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი მოგვარდება", - აღნიშნა საგანელიძემ.