მოსკოვის ცენტრში გავლენიანი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გიზო ქარდავა დააკავეს. ქარდავა კრიმინალურ წრეებში "გიზოს" ზედმეტსახელადაა ცნობილი. ქარდავას რუსეთის ფედერაციიდან ექსტრადაციისათვის ამზადებენ.
33 წლის კრიმინალურმა ავტორიტეტმა, დაკავებისას უკრაინის მოქალაქის პასპორტი წარადგინა, თუმცა რუსმა სამართალდამცავებმა ის მაინც იცნეს.
დოროგომილოვსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქარდავა მისი ექსტრადაციის საკითხის გადაწყვეტამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განკუთვნილ ცენტრში გაამწესეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ კონკტერულად სად იგეგმება კრიმინალის ექსტრადაცია.
ამის შემდეგ, რუსული მედია აღნიშნავს, რომ აფხაზ სეპარატისტთა ინფორმაციით, ქარდავა გალის რაიონის მაცხოვრებელია, რომელიც იქ განვითარებული ხმაურიანი სკანდალის მონაწილეა: 2011 წლის ოქტომბერში, აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ ქარდავა და კიდევ რამდენიმე ე.წ. კანონიერი ქურდისათვის უკანონოდ გაცემული ე.წ. აფხაზური პასპორტები აღმოაჩინა.
რუს სამართალდამცავთა ვარაუდით, მოსკოვში ქარდავა კრიმინალურ ბანდას ხელმძღვანელობდა, რომელიც ბინების ქურდობით, ავტომობილების გატაცებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობით იყო დაკავებული.