საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება 10 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
"რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა მხარემ შვეიცარული მხარის ის შეთავაზება მიიღო, რომელსაც საქართველო გასულ კვირას დაეთანხმა. თუ ეს მართლა ასეა, გამოდის, რომ რუსული მხარე ეთანხმება მექანიზმის შექმას, რომლის მიხედვითაც, რუსეთ-საქართველოს შორის მოძრავ ყველა ტვირთზე ორკომპონენტიანი მონიტორინგი განხორციელდება. მონიტორინგი პირველ რიგში სავაჭრო კორიდორების დასაწყისსა და ბოლოში საერთაშორისო მონიტორების განთავსებას გულისხმობს, მეორე რიგში კი ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის სისტემას", - განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დეტალების დასაზუზტებლად გამთენიისას ჟენევაში გაემგზავრა.
კაპანაძის თქმით, პირველი სავაჭრო კორიდორი იწყება მდინარე ფსოუდან და მთავრდება ზუგდიდში.
"შესაბამისად, მონიტორები მდინარე ფსოუზე განთავსდებიან და გააკონტროლებენ ყველაფერს, რაც აფხაზეთში შევა. მეორე სავაჭრო კორიდორი როკის გვირაბის ჩრდილოეთით იწყება და ქალაქ გორში მთავრდება. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გაკონტროლდება, რაც ამ კორიდორში იმოძრავებს. მესამე კორიდორი კი, იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ლარსის გამშვები პუნქტია", - განაცხადა კაპანაძემ.