5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას ამერიკელი კონგრესმენი, ელსი ჰასტინგსი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰასტინგსი მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიგელ ანხელ მორატინოსმა და ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, იკკა კანერვამ ერთობლივად დანიშნეს.
ეუთოს მისიაში ასევე წარმოდგენილნი იქნებიან ტეხასის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამათლე, კონგრესმენი ლოიდ დოჯეტი და ეუთოს ქვეყნების პარლამენტარები.
"ვწუხვარ, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ უწესრიგობას და ძალადობას, მაგრამ მოხარული ვარ, რომ დაინიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ათასობით დამკვირვებელი დააკვირდება. მთელი მსოფლიო საქართველოს დააკვირდება და მაქვს გულრწფელი იმედი, რომ ეს არჩევნები ჩატარდება ყველაზე უფრო თავისუფალ, გამჭირვალე და სამართლიან გარემოში. საქართველოს მოსახლეობას ვუსურვებ დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველი, რომ წარვუძღვე ამ მისიას", _ განაცხადა ჰასტინგსმა.