დღეს, 3 ნოემბერს, 14:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ეროვნულ კინოცენტრსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმი მიზნად ისახავს დოკუმენტური ფილმების წარმოებაში ერთობლივ მონაწილეობას, ერთიანი პოლიტიკის გატარებას საავტორო უფლებების დაცვის კუთხით და ასევე კინოს თემატიკაზე ტელეგადაცემების ერთობლივად წარმოებას.
ურთიერთთანამშრომლობა დოკუმენტური ფილმების წარმოებაში მოიცავს მაუწყებლის მიერ კინოცენტრის 2012 წლის დოკუმენტური კინოს წარმოების დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტების ტექნიკითა და ტექნიკური პერსონალით მხარდაჭერას.
მსგავსი თანამშრომლობის ბევრი ევროპული პრეცენდენტი არსებობს. კინოცენტრის და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული კინოსექტორის სწორ განვითარებას, ხარისხიანი კინო- და ტელეპროდუქციის წარმოებას და საზოგადოების ჩართულობას აღნიშნულ პროცესებში.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია. მემორანდუმის გაფორმებას დაესწრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.