"საქართველოს გზა" საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა პოლიტიკაში წასვლის შესახებ რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური ვითარება საქართველოში.
"მას შემდეგ, რაც საარჩევნო ცვლილებებზე მომუშავე პარტიათა ერთობამ ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო და ერთობა დაიშალა, საზოგადოებაში ნიჰილისტური დამოკიდებულება გაიზარდა. ქვეყანაში მოისპო განსხვავებული აზრი. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადმა საზოგადოებაში იმედი გააჩინა და პოლიტიკური პარტიებიც ჩიხური მდგომარეობიდან გამოიყვანა. გაჩნდა ხელისუფლების ალტერნატივა, ჩამოყალიბება დაიწყო მნიშვნელოვანმა, გავლენიანმა, რეიტინგულმა პოლიტიკურმა ცენტრმა. ივანიშვილის განცხადებამ პოლიტიკაში წასვლის შესახებ ნათლად დაანახა ხელისუფლებას რეალური კონკურენტი და ამან განაპირობა, მის მიმართ განხორციელებული უპრეცენდენტო პოლიტიკური დევნა. ეს არის მისი პოლიტიკური არენიდან დაუყოვნებლივ გაყვანის მცდელობა. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის არარსებობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
"საქართველოს გზა" მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის მთავარი სამიზნე საქართველოში ყველაზე გავლენიანი ფიგურა ბიძინა ივანიშვილია.
"სააკაშვილის რეჟიმს პრეტენზიაც დაეკარგა, ჰქონდეს დემოკრატი ხელისუფლების იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე. მთავარი მოტივაცია, რაც დღეს სააკაშვილს ამოძრავებს, არის პოლიტიკური ცვლილებების შიში, რაც ტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებელია ივანიშვილის და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. სხვადასხვა ბერკეტით ზეწოლა ქართუ ჯგუფზე (როსტომ მეფის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოს შეჩერება, ყაჩაღური თავდასხმა ქართუ ბანკის საინკასაციო მანქანაზე, 6 თანამშრომლის დაკავება და თანხის გატაცება), ივანიშვილის შვილის მეგობრის, ლევან მდინარაძის დაკავება, ყოველდღიური პროპაგანდა, რაც ნაციონალური ტელევიზიებიდან იღვრება", - აღნიშნულია განცხადებაში.
"საქართველოს გზა" საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ხელისუფლების ჩვეული მეთოდი დაგმონილი უნდა იქნას და რამდენიმე მოთხოვნას აქვეყნებს.
"ხელისუფლების ჩვეულ მეთოდს, რომელიც იქნება მიმართული კონკურენტთა უფლებების შესაზღუდად, უნდა მოჰყვეს სწრაფი რეაქცია და დაგმობილი იქნას საზოგადოების მიერ. ჩვენ ვუერთდებით ივანიშვილის და მისი მეუღლის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნის პეტიციას, რომელიც გადაგზავნილი უნდა იქნას საერთაშორისო ორგანიზაციებში. მოვითხოვთ საქართველოში აკრედიტირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა ამ საკითხთან მიმართებაში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. როგორც ხელისუფლებას სჩვევია, დღემდე გაურკვევლობაა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. ეს ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს, ვინაიდან კონკურენტებს უწევთ არჩევნებისთვის მზადება არათანაბარ პირობებში. დღეს უკვე ძნელია საარჩევნო კანონმდებლობაში იმ ცვლილებების შეცვლა, რაც შეტანილი იქნა ხელისუფლების მიერ თავისი მიზნების განსახორციელებლად, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა შემოიფარგლება ბიომეტრიული საარჩევნო ბარათის შემოტანით, რაც რეალურ საშუალებას მოგვცემს ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ამ აზრის მოწინააღმდეგეს ეშინია ხალხის არჩევნის. ეს სამი საკითხი: არჩვენებში მონაწილეობის უფლების დაცვა ანუ სამართლიანობა, არჩევნების თარიღის და პირობების დროზე გამოცხადება ანუ თანასწორუფლებიანობა; ბიომეტრიული ტექნოლოგიით საარჩევნო სიების დადგენა და არჩევნების ჩატარება - შემოტანა ანუ გამჭვირვალეობა ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაზედაც დგას და იდგება "საქართველოს გზა", - აღნიშნულია განცხადებაში.