სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან იყოს სიმშვიდე და წესრიგი, რათა მოქალაქეებს მიეცეთ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება, აქედან გამომდინარე, შეშფოთებას იწვევს პარტია `თავისუფლების~ კანდიდატის მიერ წარდგენილი ინიციატივა, საარჩევნო უბნებთან მოხდეს აქტივისტების მობილიზება თითქოსდა საარჩევნო უბნების დაცვის მიზნით~, - აღნიშნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა.
მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს ჩანაფიქრი, ერთი მხრივ, პირდაპირ გამოიწვევს სარჩევნო უბნებთან დაძაბულობის კერის შექმნას და მეორე მხრივ, ამომრჩევლებზე არამართლზომიერ გავლენას მოახდენს.
`ჩვენი ეს წუხილი სრულად გაიზიარეს არასამთავრობო და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მივესალმებით პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერის დავით ბაქრაძის ინიციატივას, სიმშვიდის უზრუნველსაყოფად მოხდეს `თამაშის ერთიან წესზე~ შეთანხმება. სამთავრობო ჯგუფი მზადაა, პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი შეთანხმების მისაღწევად კონსულტაციების ჩატარებისათვის ფორუმს უმასპინძლოს~, - აღნიშნა სამთავრობო ჯგუფის ხელმძღვანელმა.
გარდა ამისა, ეკა ტყეშელაშვილმა არჩევნების სათანადო დონეზე ადმინისტრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
არჩევნების ადმინისტრირების სრულყოფის მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა საოლქო და საუბნო კომისიის წევრებისათვის არჩევნების დღეს საარჩევნო პროცედურების ინსტრუქცია. თუმცა, სამთავრობო ჯგუფის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ გარკვეული საკითხების უფრო ნათლად დარეგულირებისათვის საჭირო იყო ინსტრუქციაში დამატებითი დეტალების შეტანა.
`სამთავრობო ჯგუფის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ცესკოს თავმჯდომარესა და ჯგუფის წევრებს შორის და გადაწყდა, რომ საუბნო და საოლქო კომისიებისათვის დამატებით შემუშავდება სახელმძღვანელო პრინციპები, რაც სრულყოფს ზემოაღნიშნულ პროცედურას~, - აღნიშნა ეკა ტყეშელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები