საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პარლამენტის თავდაცვის ეროვნული კომიტეტის წევრების დელეგაცია იმყოფება. დღეს ისინი საქართველოს პარლამენტში მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ევროკავშირსა და და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
დეპუტატ პაატა ლეჟავას განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს, ამ ორ ქვეყანას საერთო ხედვა აქვთ დასავლეთისკენ, საერთო ღირებულებები და ინტერესები დემოკრატიის განვითარების გზაზე.
"ჩვენი ძირითადი სწრაფვაა ევროსტრუქტურებში ინტეგრირება, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ამის წინაპირობა დემოკრატიული სტრუქტურების შექმნა და სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შექმნას და საზოგადოებრივი ცხოვრების დონის ამაღლებას განაპირობებს", - აღნიშნა პაატა ლეჟავამ.