რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და ამერიკელმა სენატორებმა პირისპირ საუბრისას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი დავით ბაქრაძე ჯონ მაკკეინს, როი ბლანტსა და მარკ ბეგიჩს შეხვდა.
"ჩვენი ინტერესის სფერო მოიცავს ტურიზმს, ნატოს საკითხს, მიმდინარე თანამშრომლობას ეკონომიკურ თემატიკაზე და რა თქმა უნდა, ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით" - განცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა.
"ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გარკვეული იდეები სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით, და მომავალში შეგვიძლია გარკვეული ტრენინგებიც ჩავატაროთ. მნიშვნელოვანია, რომ წინა ხაზზე ჩვენი ჯარები თანამშრომლობენ. ქართველი სამხედროები ჩვენთან ერთად იბრძვიან ავღანეთში, რათა რეგიონში დემოკრატია უზღუნველყონ"-განაცხადა შეხვდერის შემდეგ სენატორმა მარკ ბეგიჩმა.
"საქართველოს უსაფრთხოებისა და წარმატებული განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ მხარდაჭერის გაგრძელებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებდა და იღებს შეერთებული შტატებისგან. ამ მხარდაჭერაში ძალიან სერიოზულ როლს ასრულებს შეერთებული შტატების კონგრესი, ამიტომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გვქონდეს მუდმივი ურთიერთობა კონგრესთან, გვქონდეს მუდმივი აზრთა გაცვლა და ჩვენი ამერიკელი მეგობრები - კონგრესმენები მუდმივად იყვნენ ინფორმირებული იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე კონგრესისა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ხვალაც განაგრძობს. პირისპირ საუბარი შედგება სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბარნსსთან, სიტყვით გამოვა მარშალის ფონდში. დავით ბაქრაძე ასევე მოხსენებას გააკეთებს ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სკოლაში. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს რეფორმებზე ისაუბრებს.