3 ნოემბერს, 19:00 საათზე კომპანია ბილაინი წარმოადგენს ნათია წიკლაურის პერსონალურ გამოფენას „კავშირები სივრცეში". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინოვაციური იდეა ინსტალაციების სახით, რომელზეც მნახველი ტილოებს სივრცეში იხილავს. გამოფენაზე მნახველი ასევე დაათვალიერებს მხატვრის აბსტრაქტულ და ურბანულ ჟანრში შექმნილ ნამუშევრებს. გამოფენა 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, გალერეა „9"-ში. (მისამართი: გუდიაშვილის ქ. #9)
გამოფენის მთავარი ნაწილია ინსტალაცია, რომელზეც ნახატები წარმოდგენილია ჯვარედინი ფორმით და მნახველს შესაძლებლობა ეძლევა თითოეული ნახატი სივრცეში გამოტანილი იხილოს. ინსტალაცია შედგება დამოუკიდებელი და ამავე დროს დაკავშირებული ოთხი სიუჟეტისგან. თითოეული სიუჟეტი მოიცავს ორ ტილოს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ორი ინსტალაცია. პირველ ინსტალაციაზე მხატვარი წარმოადგენს მსოფლიო ქალებს და მათი საქმიანობას სხვადასხვა დროსა და სივრეში. ძველი ეგვიპტე, ძველი საბერძნეთი, ინდიელთა და აფრიკის ძველი ცივილიზაცია - ამ ინსტალაციის თემებად წარმოგვიდგება. მეორე ინსტალაციაზე მნახველი იხილავს ფიგურების, ფორმების, ფერებისა და სივრცის კავშირს. ნახატები შესრულებულია აბსტრაქტულ ჟანრში.
ოთხი დღის განმავლობაში მნახველს საშუალება ეძლევა დაათვალიეროს მხატვრის მიერ ბოლო 6 წლის განმავლობაში შექმნილი ურბანულ და აბსტრაქტულ სტილში შექმნილი ნამუშევრები. სულ წარმოდგენილია ამ მიმართულებით შექმნილი 30-მდე ტილო.
ნათია წიკლაური 2000 წლიდან პროფესიონალი მხატვარია. ნახატების სივრცეში გამოტანა მხატვრის ახალი ხედვაა, რომელზე მუშაობის გაგრძელებას ის სამომავლოდ აპირებს.
" კომპანია ბილაინი მხარს უჭერს ნოვატორულ იდეების განხორციელებას ხელოვნების სხვა და სხვა მიმართულებით, გამოფენა საინტერესო არა მხოლოდ მისი ფორმით, არამედ მისი შინაარსობრივი დატვირთვით. ავტორის შესაძლებლობა იმუშაოს სხვა და სხვა ჟანრში ერთდროულად, გამოფენას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის" - თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.