დღეს, 2 ნოემბერს, თბილისში რუსული კინოს ფესტივალი გაიხსნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიზატრომა, მზია ქუტივაძემ აცნობა, წელს 2000 წლის პერიოდის სახელმოხვეჭილი რეჟისორების ფილმები იქნება წარმოდგენილი.
"წინა წელს გვყავდა ფესტივალის პრეზიდენტი ელდარ რიაზანოვი, თუმცა წელს გადავწყვიტეთ, ახალგაზრდებს დავუთმოთ ეს ფესტივალი. მიუხედავად უამრავი სურთულისა, რაც დღეს ქვეყანაშია, ხელოვნება მაინც განყენებულია. კარგია, როცა კინომოყვარულებს შეუძლია ნახონ და გაეცნონ რუსულ ფილმებს. გვინდა, ეს ფესტივალი ტრადიციული გავხადოთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ქუტივაძემ.
ფესტივალს ალექსანდრ ზელდოვიჩის ფილმი "სამიზნე" გახსნის. 6 ნოემბერს ფესტივალს დახურავს რეჟისორ ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი, სახელწოდებით "ელენა".
ფესტივალზე არიან მოწვეული ქართველი რეჟისორები, რომლებიც მოსკოვში მოღვაწეობენ. ნიკოლოზ ხომერიკი წარადგენს ნამუშევარს - "ბუმერანგი გულისა". ქართველი მაყურებელი ასევე ბაკურ ბაკურაძის და დიმა მამულიას ფილმ "მოსკოვს" ნახავს. აღსანიშნავია, რომ ბაკურ ბაკურაძის ფილმი "მონადირე" კანის კინოფესტივალზე იქნა წარდგენილი.
სპეციალურ სტუმრებს შორის იქნებიან მერაბ ნინიძე და ირაკლი კვირიკაძე.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი უკვე ორი წელია რაც თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველში" იმართება.
აღსანიშნავია, რომ სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრემია "კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის" ყოველწლიურად გადაეცემა რუს და ქართველ კინომოღვაწეებს. ამ პრემიის პირველი ლაურეატი 2010 წელს გიორგი დანელია გახდა.