მხატვარ კოკა ცხვედიანის ვიდეოარტი ნორვეგიელ სერიულ მკვლელ ანდერს ბრეივიკს უკავშირდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მხატვარმა განუცხადა, "ეს არ შეიძლება ხელოვანის თვალთახედვის გარეთ დარჩეს".
"ჩემი ნამუშევარი ნორვეგიაში მომხდარ ტრაგედიას ეხება. ვფიქრობ, არტის თვალსაზრისით, ბრეივიკი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დანაშაულის მასშტაბები აღემატება ცნობილი სერიული მკვლელების მაშტაბებს. ეს არ შეიძლება დარჩეს ხელოვანის თვალთახედვის გარეთ. ნამუშევარი წარმოადგენს ფერწერისა და დოკუმენტური მასალის სინთეზს. გამოყენებული მაქვს ედვარდ მუნკის ცნობილი ნამუშევარი "კივილი" და ეს ყველაფერი სინთეზში ვიდეოარტის მეშვეობით მაქვს წარმოდგენილი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ცხვედიანმა.
მხატვარი ვიდეოარტს "არტისტერიუმის" ფარგლებში აწყობს. ცხვედიანი თბილისის თანამედროვე ხელოვნების IV საერთაშორისო გამოფენაზე მეორე ნამუშევარსაც წარადგენს.
"მეორე ნამუშევარს ფილოსოფიური დატვირთვა აქვს. შედგება ორი საათისგან. ერთი საათი მიდის ჩვეულებრივად და მეორე საათი ზუსტად - უკან. ეს არის დროის უნივერსალურობა. ამას ფილოსოფიური დატვირთვა აქვს და ვფიქრობ, საინტერესო იქნება მნახველისთვის", - აღნიშნა მხატვარმა.
გამოფენა 4 ნოემბერს "ქარვასლაში" მოეწყობა, სადაც ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის მხატვრების ნამუშევრები.