"ეროვნული საბჭოს" ლიდერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, დღეს გამართული ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია ყველაზე პოლიტიზირებული იყო, რაც მას ცხოვრებაში უნახავს.
"არ იყო ყველა კითხვა დასმული, რომელიც საზოგადოებას აინტერესებდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჟურნალისტები, რომლებიც იქ იყვნენ მისულები, მათი დიდი ნაწილი მომზადებული იყო ერთგვარად სახელისუფლებო პროპაგანდის შესაბამისი კითხვების დასასმელად. კითხვები იყო არა ყოვლისმომცელი. ეს იყო ყველაზე უფრო პოლიტიზირებული ბრიფინგი, რომელიც მე ცხოვრებაში მინახავს. პრესკონფერენცია გამოვიდა ცალმხრივი, რადგან იმ საკითხებზე თუ როგორი ტიპის სოციალური პროგრამა აქვს, როგორი ტიპის ბიზნეს გეგმები აქვს, როგორი ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა ჩამოყალიბდეს, არჩევნებთან დაკავშირებული უფრო კონკრეტული კითხვები არ იყო განხილული", - განაცხადა ძიძიგურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მისი პირველი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემოდა.