"ჩემი მიზანია ნამდვილი დემოკრატიული გარემოს შექმნა და არა ის, რასაც პირველი არხი წარმოადგენს დღეს, რასაც წარმოადგენს რუსთავი 2 და იმედი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვაზე.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ივანიშვილის მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ივანიშვილი პირველივე განცხადებით თავს დაესხა უკლებლივ ყველა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. "უარი თქვით, მონაწილეობა მიგეღოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, თოქ-შოუში. ამის შემდეგ მიიწვიეთ და ინტერვიუ მიეცით მხოლოდ თქვენ მიერ შერჩეულ ჟურნალისტებს. თქვენი წარმომადგნელი დიდი ხნის განმავლობაში ევაჭრებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქ მოსვლის შემდეგ ჩვენ გავიარეთ უპრეცედენტო შემოწმება. ამ მეთოდით აპირებთ მომავალში ჟურნალისტებთან ურთიერთობას?! ეს არის ის დემოკრატია, რომლითაც უნდა გააოცოთ ევროპა?!" - ჰკითხა ივანიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა.
საპასუხოდ, ივანიშვლმა განაცხადა, რომ ჟურნალისტს სურს, "პირველი არხის დემოკრატია გავიზიაროთ და ამით ვიყოთ მოხიბლული".
"ჩემი სურვილია, თქვენ არ დაიძაბოთ, ჩემი მიზანია ნამდვილი დემოკრატიული გარემოს შექმნა და არა ის, რასაც პირველი არხი წარმოადგენს დღეს, რასაც წარმოადგენს რუსთავი 2 და რასაც წარმოადგენს იმედი. თავი დავანებოთ ერთმანეთის მოტყუებას და თვალებში შევხედოთ ერთმანეთს. გავუღიმოთ და სიმართლე ვთქვათ. თქვენ ხომ დღეს მოგამზადეს... ეს სამი ტელევიზია ზუსტად ამ რეჟიმში მუშაობს დღეს და მე მხოლოდ დამატებითი შენიშვნა მივეცი ორ ტელევიზიას - კავკასიას და მაესტროს ვგულისხმობ - რომლებიც, საბედნიეროდ იმ მცირე შეცდომებსაც არ ვპატიობდი. მე მოვედი არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ საქართველოს გასამარჯვებლად", - განაცხადა ივანიშვილმა.