რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვეიცარიული მხარის წინადადებაში, რომელიც როკსა და ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს, საქართველო-რუსეთის საზღვარი ნახსენები არ არის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა.
"ეს დოკუმენტი არის სტატუსნეიტრალური. მონიტორინგი იქნება სავაჭრო დერეეფნების შესასვლელსა და გასასვლელში. სავაჭრო დერეფნები განსაზღვრულია გეოგრაფიული კოორდინატებით. ანუ საზვარი და ისეთი ტერმინოლოგია, რომელიც პოლიტიკურად დამუხტული არის, გამოყენებული არ არის. განსაზღვრული არის სავაჭრო კორიდორები, რომელიც განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ წინადადებაზე თანხმობა ქართულმა მხარემ უკვე გამოთქვა. კაპანაძის თქმით, დაეთანხმება თუ არა რუსეთი აღნიშნულ წინადადებას, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.