აშშ-მა იმედისმომცემად მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში არსებითი პროგრესია მიღწეული. ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა.
მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთს შორის.
"ჩვენი აზრით, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, ჩვენ შთაგონებულნი ვართ ამით", _ აცხადებს ნულანდი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს ხელისუფლება კმაყოფილია იმით, რომ მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ, ვინაიდან ეს, ნულანდის განცხადებით "ძალიან მნიშვნელოვანია".
"ჩვენ გვესმის ის, რომ რუსული მხარე ამ წინადადებებს სწავლობს. ჩვენ კმაყოფილვი ვართ იმით, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია", _ აცხადებს ნულანდი.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში, შვეიცარიელი შუამავლების წინადადებაზე თანხმობა განაცხადა. ეს კომპრომისული ვარიანტი საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო საზღვრებზე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ტვირთების გადაზიდვის ელექტრონულ მონიტორინგს ითვალისწინებს. რუსული მხარის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში ამ დრომდე უცნობია.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სამუშაო ჯგუფის ოფიციალური სხდომა 10-11 ნოემბერს გაიმართება. ვმო-ს მინისტერიალი კი დეკემბერში შედგება.