საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საერთაშორისო მხარე, რომლის მეშვეობითაც როკსა და ფსოუზე განხორციელდება ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგი იქნება შვეიცარიული მხარე.
"ქართული მხარე შვეიცარიული მხარისგან შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას დათანხმდა, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგს როკსა და ფსოუზე. ამ მონიტორინგს განახორციელებს თავად შვეიცარიული მხარე. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მაშინ, როდესაც მიღებული იქნება საბოლოო დოკუმენტი", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მან აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ ბათუმში შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ მიშელინ კალმირეის შორის. მანჯგალაძის თქმით, რუსულმა მხარემ დამატებითი დრო ითხოვა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
ჟურნალისტების კითხვაზე ჩაიწერება თუ არა საბოლოო დოკუმენტში, რომ მონიტორინგი განხორციელდება საქართველო რუსეთის-საზღვარზე და საქართველოსა და აფხაზეთის ან საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, მანჯგალაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პასუხის გაცემისაგან თავს შიკავებს.