1-ელ ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გარეჯის კვლევის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გამოცემული კრებულის - "გარეჯის ისტორიული დოკუმენტები~ - პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას გახსნიან გარეჯის კვლევის ცენტრის დირექტორი ზაზა სხირტლაძე და ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი.
გამოცემაზე მუშაობა 2003 წელს დაიწყო გარეჯის კვლევის ცენტრის ინიციატივით. პროექტში მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა არქივმა და ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მიიღო.
ორტომეულში თავმოყრილია XIII-XVIII საუკუნეების წერილობითი დოკუმენტები დავით გარეჯის შესახებ, რომლებიც ქრონოლოგიურადაა დალაგებული და 598 საბუთს აერთიანებს. ამათგან 420 დოკუმენტი საქართველოს ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაშია დაცული.
გარეჯის მონასტრის ისტორიული საბუთები, მიუხედავად დიდი ნაწილის განადგურებისა, მათში დაცული ინფორმაციის მნიშვნელობითა და მრავალფეროვნებით სრულად ასახავს სამონასტრო ცხოვრების ისტორიას. საბუთები მოვლენათა თანადროული იურიდიული დოკუმენტებია, ამიტომ მათი მნიშვნელობა დიდია გარეჯის ისტორიის საკითხების შესასწავლად.
დავით გარეჯის მონასტერს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასულიერო კერას, განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ქართლ-კახეთის პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. შესაბამისად, იგი ქართველი მეფეების ერთ-ერთ ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა და ისინი უშურველად სწირავდნენ მონასტერს ყმა-მამულს და ზრუნდავდნენ მისი აღდგენისა თუ გაძლიერებისთვის. სწორედ ამიტომ გამოცემაში შესული საბუთების უმრავლესობა წარმოადგენს: წყალობის, გადასახადებისაგან გათავისუფლების, შეწირულების წიგნებს, არზა-მოხსენებებს, არზა-ოქმებს, განჩინებებს, ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტებსა და ეპისტოლეებს.
წიგნის "გარეჯის ისტორიული დოკუმენტები~ გამოცემა მიზნად ისახავს როგორც გამოქვეყნებული, ისე დღემდე უცნობი დოკუმენტების პუბლიკაციას, რაც ისტორიკოსებს დაეხმარება ახალი კვლევითი სამუშაოს ჩატარებაში და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის მკითხველს.