1-ელ ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ART-კაფეში გაიმართება პრესკონფერენცია ეგვიპტის კულტურის დღეებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრებიან დელეგაციის ხელმძღვანელი, ეგვიპტის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე საგარეო კულტურული ურთიერთობების საკითხებში ჰოსამ საად ზაღლულ ნასარი, საერთაშორისო ფესტივალების და პროგრამების გენერალური დირექტორი ამირ ნაბეჰ თადრისი, კულტურული დოკუმენტაციის დირექტორი ადელ ფარაგ აჰმედი, დელეგაციის სხვა წევრები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
ეგვიპტის კულტურის დღეები საქართველოში 1-ელ ნოემბერს, 14:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ცნობილი ეგვიპტელი ფოტოგრაფების ჯგუფური გამოფენით გაიხსნება. ექსპოზიცია, სახელწოდებით "ლამაზი ეგვიპტე", ასახავს ეგვიპტის ულამაზეს პეიზაჟებს: ტაძრები, პირამიდები, სამარხები, ობელისკები, ასევე ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების ღირსშესანიშნავი ადგილები. გარდა ამისა, ფოტოგამოფენა აერთიანებს კაიროს, როგორც თანამედროვე საცხოვრებელ ადგილებს, ისე ქალაქის ისტორიულ მხარეებს, ასახულია ეკლესიები, კოპტური ძეგლები და ა.შ..
ეგვიპტის კულტურის დღეების ფარგლებში 1-2 ნოემბერს, 20:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრში, გაიმართება კაიროს ოპერის საბალეტო დასის წარმოდგენა.