თბილისში თანამედროვე ხელოვნების მეოთხე საერთაშორისო გამოფენა "არტისტერიუმი" 31 ნოემბერს იხსნება. ექსპოზიციაზე 80 ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის 26 უცხოელის. ფერწერული და გრაფიკული ტილოების პარალელურად, გამოიფინება ინსტალაციები. ზოგიერთი ხელოვანი კი პერფორმანს წარმოადგენს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტის ორგანიზატორმა, მაგდა გურულმა განუცხადა, "არტისტერიუმი"დედაქალაქის თითქმის ყველა საგამოფენო სივრცეს მოიცავს. თუმცა ნამუშევრების უფრო მეტი ნაწილი ეროვნულ გალერეასა და ქარვასლაში იქნება წარმოდგენილი.
"წელს 14-მდე გამოფენა მოეწყობა, 26 ჩამოსული უცხოელი მხატვარი სხვადასხვა სივრცეში განათავსებს თავის ნამუშევარს. აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის 18 ქვეყნიდან ჩამოდიან, ზოგი უკვე ჩამოსულია და აღფრთოვანებულია ქართული კულტურით", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მაგდა გურულმა.
ღონისძიების მხარდამჭერი და პარტნიორია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
"სახელმწიფო ყოველ წელს უწყობდა ხელს და ცხადია ახლაც გვერდით უდგას, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენას მხარდაჭერა აქვს მრავალი საელჩოსგან - ამერიკის, ბრიტანეთის, ასევე, გოეთეს ინსტიტუტისა და მთელი რიგი საერთაშორისო ორგნიზაციებისგან", - აღნიშნა ხელოვნების და განათლების დეპარტამენტის უფროსმა, იამზე გვათუამ.
გამოფენას გახსნის გერმანელი მუსიკოსი და მხატვარი დიტერ მაიერი. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, "არტისტერიუმში" ის თავის ბენდ "Yello"-ს გააცოცხლებს.
"გავაცოცხლებ ჩემს ჯგუფის ისტორიას. ქართველ ხალხს ვაჩვენებ და გავუზიარებ ჩვენს ისტორიას. ჩემი ჰობი მეღვინეობაა. აქ რომ ჩამოვედი და ასეთი სილამაზე ვნახე, გავსინჯე თქვენი ღვინო აღფრთოვანებული დავრჩი. ძალიან საინტერესო კულტურის ქვეყანაა საქართველო", - აღნიშნა მან.
საერთაშორისო გამოფენა 31 ნოემბერს გაიხსნება და 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.