ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოში მოქმედ ოთხ რეგიონულ მედია ორგანიზაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ცესკოსთან ერთად დოკუმენტს საქართველოს რეგიონული მედიის და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციების, ასევე რეგიონულ რადიოსადგურთა და საქართველოს სატელევიზიო ქსელების წარმომადგენლები აწერენ ხელს. მემორანდუმის გაფორმებით მხარეები თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებასა და ობიექტურად გაშუქებას.
ხელმომწერი მხარეები ასევე უზრუნველყოფენ ინფორმაციის სისტემატურ გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განხორციელებას (რაც არჩევნების საჯაროობისა და საარჩევნო პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებს მოიცავს), ჟურნალისტთა შეხვედრების ორგანიზებას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ერთობლივი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებასა და სხვა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, რაც საზოგადოებაში საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გამყარებას ისახავს მიზნად.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. ღონისძიებას ცესკოს თავმჯდომარე და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული მედია ასოციაციის, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის, საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის და საქართველოს სატელევიზიო ქსელის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.